რუსთაველი საქართველოს დროშის ფერებში მოვრთეთ. ზეიმისთვის ვემზადებით. პარალელურად, ამ დროშის მქონე ქვეყნის პრემიერი საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინას თავს ესხმის, დასავლეთს აკრიტიკებს, პუტინის ნაბიჯებს საქართველოს მოსახლეობის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ინტერესებიდან გამომდინარე, პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიებს, ჩინეთის პოლიტიკას აქებს და ქვეყნის შიგნით საზოგადოების ხელოვნური დაპირისპირებისთვის მოფიქრებულ რუსულ ზღაპრებს ჩვენს მოკავშირეებს და პოტენციურ პარტნიორებს პირში ჩრის. ამავე დროს, დემოკრატიის ინდექსში საქართველო ვარდნის ანტირეკორდს ამყარებს და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც სწორედ ახლა, შესაძლებლობის ისტორიული ფანჯრის ეფექტურად გამოსაყენებლად, ჰაერივით სჭირდება თავისუფალი სამყაროს აქტიური მხარდაჭერა - დახმარების სურვილს უსპობს, აგზავნის რა სიგნალს ანტიპუტინისტურ კოალიციაში, რომ ერთ დროს რეგიონში დასავლეთის მთავარი მოკავშირე ქვეყანა, ჰიბრიდული დემოკრატიიდან სწრაფი ტემპით დეგრადირებს ლუკაშენკოს ავტორიტარიზმის მიმართულებით.
არადა, ჩვენს ყურისძირში ისტორიული მნიშვნელობის პროცესი მწიფდება: სომხეთი მზად არის, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. იქ მცხოვრები სომხების უფლებები კი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს - აცხადებს ფაშინიანი ბრიუსელში პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ასევე დაადასტურა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მზაობა.
შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ სომხეთის ლიდერის ეს განცხადება პრინციპულად არაფერს ცვლის, სულაც არ არის გარღვევა რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში და ავტომატურად არც 30-წლიანი კონფლიქტის დასრულებას ნიშნავს. თუმცა, ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო, რომ სომხეთის შეცვლილი პოზიცია რეალურს ხდის როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე თურქეთთან კოორდინაციაში კავკასიის ერთიან, ხანგრძლივი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების საუკეთესო პერსპექტივების მქონე სივრცედ გადაქცევას, რომელსაც ზურგს ბრიუსელი და ვაშინგტონი უმაგრებს. ეს კი მოსკოვისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე უარესი და კავკასიიდან მისი ფეხის ამოკვეთის საწინდარია, რადგან რუსეთის, როგორც "მომრიგებელი ძიძის" ფაქტორი რეგიონისთვის უკვე სრულიად დესტრუქციული და მიუღებელი ხდება.
სამხრეთ კავკასიის ისტორიისთვის ამ სრულიად ახალი მოვლენის გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა და რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ პროცესებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც შეუწყოს ხელი, რაც დღეს უკვე პრაქტიკული გაგებითაც ყველაზე რელევანტური თემა ხდება.
სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ დღეს ქართული ოცნება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დიპლომატიური არხებით მაქსიმალურად ააქტიურებდეს, ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ინიციატივას ხელს უწყობდეს და ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევის შედეგად ორგანიზებულ კავკასიის გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმართულ ფორუმებში პირდაპირ მონაწილეობდეს, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კავშირებს ეძებდეს და იმის ერთად გააზრებას უწყობდეს ხელს, რომ როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში, გამოსავალი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების და არა ტერორისტული სახელმწიფოს - რუსეთის მედიაციით მიიღწევა, ივანიშვილის მთავრობა სრულად ამოვარდნილია რეგიონული კონტექსტიდან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემას დასავლეთისგან დისტანცირებისა და რუსეთთან დაახლოებისთვის გასამართლებლად იყენებს. საქართველო დიდი სისწრაფით ამცირებს თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რითაც ის არამარტო ევროკავშირისგან, ამერიკისგან და უკრაინისგან დისტანცირდება, არამედ პირდაპირ ემიჯნება დასავლეთის ერთიან ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ რუსეთის მანიპულაციების და "წყალობის" ამარად გვტოვებს.
"წყალობის", რომელიც სრული ილუზიაა, ხოლო ივანიშვილის ხელისუფლების პროპაგანდა, რომ თითქოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს - დასავლეთისგან დისტანცირებით და რუსეთის ქვეშევრდომობით დავიბრუნებთ, წინდაუხედაობის, თვალსადახელსშორის შეცვლილი ახალი სამყაროს აღუქმელობის და ღალატთან გათანაბრებული თავის მოტყუებაა.
საოცდაექვსმაისოდ მორთული თბილისის ცენტრის შემხედვარე, ორმაგად მძიმედ აღსაქმელია ის ფაქტი, რომ ჭორვილელი ოლიგარქის მომსახურე წრიდან გამოსული, ქვეშევრდომებით დაკომპლექტებული ქართული ხელისუფლება ქვეყნის ისტორიული მტრის ავადმყოფურ თავში ჩასახული შხამის ჩვენივე საზოგადოებაში და საერთაშორისო ფორუმებზე გადმოფრქვევის ინსტრუმენტად იქცა. ბიძინას მთავრობა ყველაფერია იმის გარდა, რასაც 18-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იდეური სამართალმემკვიდრე უნდა განასახიერებდეს. საზეიმოდ მორთული რუსთაველი და თავისუფლების მოედანი თვალს ახარებს, გულს კი შეახსენებს, რომ ოცნების ხელში სახელმწიფოს დეკორაციად ვიქეცით და დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გვერდით არ ჩაგვიაროს.