წაკითხულის შინაარსის გადმოცემაში, ლოგიკურ აზროვნებასა და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენაში რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ - განათლების სისტემების კვლევებით ვიცით. ამიტომაც, რა კავშირშია ცუდი მმართველობა, ანგარიშვალდებულების არქონა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დეფიციტი ახალ-რეაბილიტირებული პარკის აუზში 13 წლის მარიტას დაღუპვასთან - ამას ბევრისთვის ახსნა ჭირდება. ამიტომ მოდით ავხსნათ.
იქ, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, ინციდენტების თუ უბედური შემთხვევების ალბათობა იზრდება. იმისთვის, რომ ასეთი რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული, ცივილიზებულ სამყაროში მთელი რიგი მეცნიერებები და მეტიც, სამსახურები არსებობს, რომლებიც ამ რისკებს სწავლობენ, გადაწყვეტილებებს შესაბამის ფილტრში ატარებენ, შესრულებული სამუშაოებისა თუ კონსტრუქციების სიმყარეს და ტექნიკურ გამართულობას ძირფესვიანად ამოწმებენ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ავტორიტარულ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. დემოკრატიულში - მთელი სისტემა სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.
შეგახსენებთ, რომ: ეს ყველაფერი მართალია, ოღონდ ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ იმ საზოგადოებას წარმოვადგენთ ვინც 90-იანი წლების განუკითხაობა, სისასტიკე და სიდუხჭირე გამოვიარეთ და სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ უკიდურესად გამძაფრებულ თვითგადარჩენის ინსტინქტებს უნდა ვუმადლოდეთ, "ცივილიზებულ სამყარომდე" ბევრი გვიკლია და აქ ვერც დასავლური სტანდარტის უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული, რადგან საზოგადოება დღესაც თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ამდენად, კვერცხისა და ქათმის არ იყოს, ჩვენთან ჯერ ისევ იმაზე მიდის მსჯელობა და კამათი - ვისია პასუხისმგებლობა: პოლიტიკური ელიტა უნდა აჩვევდეს საზოგადოებას სიცოცხლის პატივისცემას, თუ პირიქით: საზოგადოებამ უნდა აიძულოს მმართველი - დაიცვას ყველაზე ძვირფასი - ადამიანის სიცოცხლე?
სიმართლე კი ისაა, რომ ცივილიზებულმა დასავლეთმა, რომელმაც არაერთი 90-იანები გამოიარა, ამ კითხვას უკვე დიდი ხანია უპასუხა: იმ სამყაროში უკვე აქსიომადაა ქცეული, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს რისკებსაც და მართვის ეფექტურობასაც. ხოლო ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საზოგადოებასთან პირდაპირი ანგარიშვალდებულება წარმოშობს, რასაც უკვე პასუხისმგებლობის მთელი ჯაჭვი მოჰყვება.
როდესაც მმართველი გუნდის ლიდერები, მინისტრები, ქალაქების მერები ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე, ისინი ვეღარ ბედავენ რომ კორუფციაში გაერიონ, პირადი თუ პარტიული ყულაბისთვის "ატკატები" აიღონ და ამისთვის სამუშაოები მათთან კავშირში მყოფ არაკვალიფიციურ კომპანიას შეასრულებინონ, ფასი, მინიმუმ, მათი პოლიტიკური კარიერის დასრულება იქნება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი. თავის მხრივ კომპანიის დირექტორი, რომელიც სამართლიან კონკურენციაშია სხვა კომპანიებთან და ვალდებულია დამკვეთთან, უკვე ვეღარ აძლევს თავს უფლებას იაფი და უხარისხო დეტალები გამოიყენოს, არაკვალიფიციური მუშახელი ჰყავდეს, რადგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაო მისი გაკოტრების ტოლფასი იქნება; აი კვალიფიციურმა და მაღალანაზღაურებადმა პერსონალმა კი ზუსტად იცის, რომ სამუშაოსთვის, რომელიც უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, სამსახურსაც დაკარგავს, პროფესიასაც და თავისუფლებასაც. ჩვენს შემთხვევაში მთავარი პრობლემა არა ცივილიზებული სამყაროსგან სიშორე ან პროფესიონალიზმის დეფიციტი, არამედ ამ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების წრედის წყვეტაა. ერთპარტიულ, ერთი კაცის არადემოკრატიულ მმართველობაში, ხელისუფლების ხალხთან ანგარიშვალდებულება უბრალოდ აღარ არსებობს. და სადაც არ არის ხალხთან ანგარიშვალდებულება, იქ უკვე აღარ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. ხოლო როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქრება, მივდივართ საყოველთაო უპასუხისმგებლობამდე, რომლის შედეგადაც ამ ქალაქში ყველაფერი, ჩვეულებრივ შემთხვევაში უწყინარი - სიცოცხლისთვის საშიში ხდება. ანუ, როგორც დროების ჟურნალისტმა დაწერა - "მთელი ქვეყანა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უკვე დენს ირტყმევინება!.."
ჩვენ კი ყოველდღიურად სიკვდილის ლატარიის თამაშს ვაგრძელებთ. ჩვეულებრივ ლატარიაში მხოლოდ ბილეთის მყიდველი მონაწილეობს, ან მოიგებს ან წააგებს. ამ ლატარიაში კი საკუთარი ნების გარეშე ყველანი ვართ ჩაბმული. როდის ამოვა ჩვენი ნომერი, აღმოჩნდება თუ არა იქვე ახლოს მებაღე დევი, შეძლებს თუ არა მისი სხეული მთელი სისტემის უპასუხისმგებლობის მუხტს მოერიოს და როდის შემოაბიჯებს სიკვდილი ჩვენს ოჯახებში არავინ იცის. და ასე იქნება პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების წრედის აღდგენამდე. რაც ვერ მოხდება მანამ, სანამ საზოგადოება არ აიძულებს პოლიტიკურ ელიტას შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს ნებისმიერ შედეგზე, რომელიც მათი მმართველობის პირობებში ქვეყანაში დგება. თითქოს მარტივია რაც ახლა ავხსენი, თუმცა ედიტორიალის დასაწყისში ნახსენები კვლევის შედეგებს თუ გავიხსენებთ, მიზეზშედეგობრივი კავშირის აღქმის სირთულესთან დაკავშირებით - გასაგები ხდება, რომ ქვემოდან ამ იმპულსების მოლოდინს დიდი ოპტიმიზმის უნარი ჭირდება. ზემოდან, მაგალითის მომცემი მმართველი ელიტა კი ისეთი გვყავს - ცნებები: პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი, დემოკრატიულობა უკვე დიდი ხანია არა მარტო სამოქმედო, სალაპარაკო ლექსიკონიდანაც აქვს ამოღებული. ისევ ქვემოდან, ანუ საზოგადოებიდან წამოსული წნეხის იმედზე უნდა ვიყოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ერთად გავაგრძელებთ სიკვდილის ლატარიის თამაშს, რომელსაც ისეთი ანგელოზები შეეწირებიან, როგორიც მარიტა იყო.