logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სტრატეგიული გაურკვევლობა

17 მარ 202420:15
3 წუთის საკითხავი
 

„Si Vis Pacem, Para Bellum“ - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“ - ამ ძველი ლათინური სიბრძნის თანამედროვედ ინტერპრეტირებული პოლიტიკური თეზისი პრეზიდენტმა მაკრონმა გასულ კვირას სტრატეგიის ღერძად გამოაცხადა. "ევროპა მზად უნდა იყოს ომისთვის, თუკი მას სურს მშვიდობა", და განმარტა: "თუ რუსეთი უკრაინაში გამარჯვებს, ევროპის სანდოობა ნულს გაუტოლდება, ფრანგი ხალხის ცხოვრება კი სამუდამოდ შეიცვლება, რადგან ევროპაში უსაფრთხოება აღარ იქნება. ამიტომ, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ევროპა უნდა გახდეს გარანტი, რომ რუსეთმა ვერასდროს შეძლოს ამ ომის მოგება." - ასე ფიქრობს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საჯაროდ ამბობს ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის - საფრანგეთის პირველი პირი.

რას უნდა მივაწეროთ მაკრონის ასეთი ტრანსფორმაცია? პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინის ომის დასაწყისში ევროპის “მშვიდობის მტრედი” იყო, პუტინთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობდა და ყველაზე მეტად მის დამცირებას უფრთხოდა, დღეს უკვე დასავლური სამყაროს მთავარ “ქორად” მოგვევლინა და საფრანგეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე, დიდი ომისთვის მზადყოფნაზე, კიევის დახმარების კონტექსტში წითელი ხაზების მოშლასა და უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას შორის პირდაპირ ტოლობის დასმაზე ალაპარაკდა.

ამ მეტამორფოზის ძირითადი მიზეზი, პრეზიდენტობის მეორე ვადაში მყოფი მაკრონისთვის, საარჩევნო ამოცანა ნამდვილად ვერ იქნება. რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ დიდი ალბათობით, მისი მთავარი მოტივი ისტორიაში შესვლაა, როგორც იმ დიდი ალიანსის ლიდერის, რომელიც ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელ ტირანს, პუტინს დაამარცხებს.

მითუმეტეს, ამერიკიდან მომავალი გაურკვევლობის ფონზე, განსაკუთრებით ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებისა და იზოლაციონისტური პოლიტიკის გაძლიერების შემთხვევაში, აშკარად ჩნდება სივრცე, რომ ამ ბრძოლისა და თავისუფალი სამყაროს ახალი ლიდერი სწორედ საფრანგეთი, კერძოდ კი პრეზიდენტი მაკრონი გახდეს.

აშკარაა, რომ დასავლეთი, უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში წითელ ხაზების გავლებით, პუტინისთვის ზედმეტად რაციონალური და გათვლადი გახდა, მოსკოვი კი შეშლილის როლის თამაშითა და ბირთვული შანტაჟით დღემდე წარმატებით აფრთხობს და აშინებს ყველა პარამეტრით მასზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს. მაკრონის ეს რიტორიკა დიდი ალბათობით მცდელობაა იმისა, რომ დასავლეთმა არსებული მოცემულობა დაარღვიოს, თავად გადავიდეს შეტევაზე და "სტრატეგიული გაურკვევლობით” აიძულოს პუტინს უკან დახევა და რაციონალურ ჩარჩოში დაბრუნება. ამ გადასახედიდან, შესაძლოა მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყოს ნატოს ჯარების უკრაინაში შეყვანა, თუმცა კრემლი აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, პარიზმა მოკავშირეებთან ერთად მართლა რომ გადადგას ეს “გიჟური” ნაბიჯი, რა მასშტაბის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება მოსკოვი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ისიც ღიად განაცხადა, რომ ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა კრემლის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, ამის აუცილებლობა კი ჯერ-ჯერობით არ დგას. ხოლო კითხვაზე - კონკრეტულად რას შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების განლაგება, თქვა: “მე მაქვს მიზეზი, არ ვიყო ზუსტი, რადგან ამ კითხვაზე პასუხი იქნებოდა პუტინისთვის ერთგვარი თვალსაჩინოება”, რაც მართლაც ტოვებს "სტრატეგიული გაურკვევლობის” შექმნის შთაბეჭდილებას. პრაგმატულადაც, ეს შეიძლება იყოს მინიშნება, რომ თუ რუსეთი ფრონტის გარღვევას მოახერხებს, დასავლეთ უკრაინის დიდ ქალაქებს ნატოს ჯარები დაიცავენ, რაც რუსეთს მხოლოდ ორ არჩევანს დაუტოვებს: ან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეს ალიანსთან, ან შეტევა შეაჩეროს.

მართალია, ჯერ-ჯერობით, მაკრონის ამ იდეას ნატოში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს, თუმცა მისმა ძლიერმა პოზიციამ და მკვეთრმა განცხადებებმა, გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა. ბერლინში, ე.წ ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირები შეთანხმდნენ ახალი კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით მოამარაგებს, ევროკავშირის მიღმა მყოფი ბრიტანეთის პოზიცია ამ მხრივ კიდევ უფრო შორს მიმავალია.

პარიზის და კერძოდ პრეზიდენტ მაკრონის აქტიურობა მხოლოდ მკაცრი რიტორიკით არ შემოიფარგლება და არანაკლებ თამამ ნაბიჯებსაც მოიცავს. საფრანგეთი, რომელსაც ტრადიციულად ევროკავშირის გაფართოებასთან უკიდურესად ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა და ალბანეთთან და ჩრდილო მაკედონიასთან მოლაპარაკებების გახსნა არაერთხელ დაბლოკა, დღეს გერმანაიასთან ერთად ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების მთავარი ფლაგმანია. მას შემდეგ რაც დნესტრისპირეთის არაღიარებულმა რესპუბლიკამ რუსეთს დახმარება სთხოვა, მაკრონმა პრეზიდენტი სანდუ სასწრაფოდ პარიზში მიიწვია, მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და კიშინიოვში თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლობა გახსნა. საფრანგეთი ასევე არის მოსკოვისგან ახლად დისტანცირებული სომხეთის, როგორც ევროკავშირთან დაახლოების მთავარი ლობისტი, რაც 2 დღის წინ, სომხეთის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი ევროპარლამენტის რეზოლუციითაც გამოიხატა, რომლის ინიციირებაც მაკრონის ფრაქციამ მოახდინა; ისაა სომხეთის თავდაცვისუნარიანობის ზრდის მთავარი გარანტიც, რის მაგალითადაც ბოლო დროს ერევნისთვის თავდაცვითი იარაღის გადასაცემად გაფორმებული არაერთი მასშტაბური კონტრაქტი გამოდგება.

დაბოლოს, შეინიშნება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უპრეცედენტო გააქტიურება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი საუკეთესო დასტურიც ნატოს გენერალური მდივნის კავკასიური ტურნეა. არა მხოლოდ საქართველო - მთელი კავკასია, ევროკავშირთან ერთად, უკვე ნატოს სტრატეგიული ინტერესის სფეროც ხდება.

მოკლედ დასავლეთი - ამ ეტაპზე როგორც მინიმუმ ევროპა რუსეთთან პოზიციონირების ახალ: უფრო მწყობრი და გრძელვადიანი დაპირისპირების ეტაპზე გადადის, აღმოსავლეთში მყოფი ცივილიზაციური მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ სტრატეგიასაც კონკრეტულ ფორმას აძლევს, ევროკავშირის საზღვრებს განავრცობს და ნატოს გაფართოების კონტურებსაც უფრო ნათელს ხდის. პარალელურად, მაკრონის განცხადებებით რუსეთსაც მკაფიო სიგნალს უგზავნის - პუტინისადმი ნდობა ნულია ხოლო მისი შანტაჟი ძალადაკარგული. კონკრეტულად რისთვის არის მზად დასავლეთი თითქოს ბუნდოვანია, მაგრამ გარემოების მიხედვით - ყველაფრისთვის! - ასეთია მთავარი გზავნილი. უდავოა - "სტრატეგიული გაურკვევლობის" ეს პოლიტიკა ჯობია გაურკვეველ სტრატეგიას, რომელმაც თითქმის დაშლილი და ლპობის ფაზაში გადასული იმპერია მსოფლიოს მთავარ თავისტკივილად აქცია.


close დახურვა