logo
ENG



გიორგი კანდელაკი: პროკურატურა პოლიტიზირებულია და შეწყალების საქმეზე არაფერს არ აკეთებს

04 ნოე 201914:14
3 წუთის საკითხავი
 
u2kxhp9c9g52wsh.jpg

ევროპული საქართველოს ინიციატივას ოპოზიციისა და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა ექნება. შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ფრაქცია დღეს ბიუროს სხდომას წარუდგენს.

კომისიის შექმნის თემა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა ამოიწურა.

"ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ პრეზიდენტის დისკრეციულ - შეწყალების უფლებას. მაგრამ თუკი ამ უფლების გამოყენებამდე ადგილი ჰქონდა ანგარებას, თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უნდა იყოს თუ არა დაუყონებლივ გამოძიება და უნდა დაისაჯოს თუ არა დამნაშავე თუკი ის არსებობს, რათქმაუნდა ეს ასე უნდა მოხდეს. იმ პირობებში, როცა პროკურატურა ასეთი პოლიტიზირებულია და ასე დემონსტრაციულად არაფერს არ აკეთებს, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

საკითხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც ეხმაურება. მისი განცხადებით, არავინ არ აპირებს დანაშაულის გამოძიებას და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. გოცირიძე უმრავლესობას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ კომისიის ​შექმნას.

"დაიწყო შეწყალებასთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ჩაფარცხვის პროცესი. შეიქმნა გამოძიების იმიტაცია, დაიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი და ამით მორჩა, შემდგომი ნაბიჯები არ გადადგმულა, არ დაკითხულა პრეზიდენტი და უკვე ნათელია, რომ არავინ არ აპირებს ამ შესაძლო დანაშაულის გამოძიებას. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი რჩება შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. 50 ხმა არ აქვს ოპოზიციას და მოვუწოდებთ უმრავლესობას მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას," - განაცხადა გოცირიძემ.


close დახურვა