logo
ENG



გიორგი კანდელაკი: სხდომის დახურვის მიზეზი არის ის, რომ ამ მთავრობას ამ თემაზე სათქმელი არ აქვს

21 ოქტ 201917:51
3 წუთის საკითხავი
 
k2qq5ko4a55c423.jpg

ატოცი და უკანონო ბორდერიზაცია იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. დეპუტატები ქეთი ციხელაშვილს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

სხვდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დეპუტატების კითხვებს დახურულ კარს მიღმა პასუხობდა. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დახურული იყო, შესამაბისად მისი დასრულების შემდეგ დეპუტატებს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ მინისტრისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხი, თუ რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსულ ოკუპაციას და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო.

დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ შეხვედრის ნაწილი მედიისთვის ყოფილიყო ღია. ვინაიდან, საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„სხდომის დახურვის მიზეზი არის ის, რომ ამ მთავრობას ამ თემაზე სათქმელი არ აქვს. ვერაფრით ვერ ხსნის მთავრობა თუ რატომ პასიურობს ასე ჯიუტად. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხაზი. ეს არის დავალება, რომელიც მიცემული აქვს ჩვენს დიპლომატიას, რომელიც ძალიან უხერხულ სიტუაციაშია ჩაყენებული, რომ რეალური პრობლემა რუსეთს არ შეექმნას,“ - განაცხდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, სხდომაზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მოისმინა.

„საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი, ბევრი დეტალია ისეთი, რომელსაც სხდომის დახურვა სჭირდებოდა,“ - განაცხდა გია ვოლსკმა.

გაერთიანებული კომიტეტის სხდომა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა