logo
ENG



გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: იმედია, გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს

02 ნოე 202015:48
3 წუთის საკითხავი
 

მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო რეჟიმსა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ქართული ოცნების ოფისში მედიასთან შეხვედრისას კახიანმა იმედი გამოთქვა, რომ "გონს მოეგებიან" ოპოზიციონერები. 

"ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო ეს არჩევნები, ამ ფონზე აბსურდული ჩანს მათი პოზიცია. იმედი, მაქვს გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაშიც მიიღებენ მონაწილეობას", - ამბობს გიორგი კახიანი. 

მანვე განმარტა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება და პარლამენტის ფუნქციონირებასაც, თეორიულად, ხელი ვერ შეეშლება. 

"ეს არ არის მთავარი. აქ ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ. მთავარია, ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება, რასაც არანაირი საფუძელი არ აქვს", - თქვა გიორგი კახიანმა. 

31 ოქტომბრის არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიამ ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა, ხმების 0,85% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის მანდატისთვის 1-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. 

დღეს, 2 ნოემბერს პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია ევროპულმა საქართველომ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებით, 31 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად, პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე ჯერ კიდევ შიდა კონსულტაციებს მართავენ. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ მათ ხმები მოპარა. პარტიების მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა