logo
ENG



გიორგი მამალაძე: ამ ეტაპზე უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა - შემდეგ იქნება სიმართლე

20 თებ 202411:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/fqqoprrd6h7p1sd.jpg

დეკანოზი გიორგი მამალაძე წერილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მისი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენაა, ხოლო შემდეგ "იქნება სიმართლე".

"დასასრულს, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს", - წერია წერილში.

ასევე, წერილში იგი მადლობას უხდის ყველას, იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუტებს, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ.

"შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის", - წერს გიორგი მამალაძე.

***

დეკანოზი გიორგი მამალაძე უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 14 თებერვალს გაათავისუფლეს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა. 

მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდში იგი პენიტენციურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მედიასთან პირველ კომენტარში მამალაძე საკაცეზე იწვა. დეკანოზის თქმით, ის უდანაშაულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს. 


close დახურვა