logo
ENG



გიორგი მენაბდეს პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა

16 აპრ 202115:18
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი მენაბდეს პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა

ხორავას საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი მენაბდეს პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა. უწყება გიორგი მენაბდისთვის პატიმრობას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს. პროცესი დღეს, 16 აპრილს, 17 საათზე გაიმართება.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე მომხდარიდან წლების შემდეგ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მენაბდე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ირწმუნება, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიორგი მენაბდეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა