logo
ENG



გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეების შერჩევაზე: ეს იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი

14 დეკ 201912:42
3 წუთის საკითხავი
 
0ndliv35wa3jkvc.jpg

გიორგი მიქაუტაძე, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებებს არ პასუხობს, ჩატარებულ კენჭისყრებს კი დადებითად აფასებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ განცხადებების გაკეთების უფლება ყველას აქვს.

„ეს იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ისე - საქართველოს პარლამენტში. თქვენ ნახეთ, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა საშუალება, პროცესში ამა თუ იმ ფორმით ჩართულიყო, დაესვა კანდიდატებისთვის შეკითხვა, მოეძიებინა ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი კანდიდატის თაობაზე, ცნობილი იყო ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის. მსგავსი პროცესი არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც ძნელი მოსაძებნი იქნება. ბუნებრივია, რომ, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,  კრიტიკული მოსაზრებებიც გვესმოდა, ჩვენ არც გვქონია სხვაგვარი მოლოდინი, თუმცა ამასაც მიჩვეული ვართ და ზომიერების ფარგლებში ვფიქრობ, რომ კრიტიკა შეიძლება სასარგებლოც იყოს,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ევროკავშირი კრიტიკულად ეხმაურება. განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერი ავრცელებს ვკითხულობთ, რომ შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, გამჭვირვალების ნაკლებობა ახასიათებდა.


close დახურვა