პოლიტიკური შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ შეუსრულებელია - ასე აფასებენ შექმნილ მდგომარეობას ოპოზიციაში. გიორგი რურუა, რომელიც მეოთხეა პოლიტპატიმართა ცნობილი სიიდან, დღეს სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია და სწორედ ეს რჩება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის ერთადერთ წინაპირობად.
„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ სასამართლო საკითხს მიუკერძოებლად წყვეტს. პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაა ის, რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ დასავლელი პარტნიორები ელოდებიან. თავად არხის მეწილე დარწმუნებულია, რომ დღეს მოსამართლემ ისევ პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელიც 6 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვისაა დაკავებული. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს. ფიქრობს, რომ ასე დაისაჯა ოპოზიციური ტელევიზიის ფლობის და ქუჩის აქციების აქტიური მხარდაჭერისთვის.
