logo
ENG



გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

17 დეკ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ.მ.-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ.გ.-მ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა.

"ლ.გ.-ს და შ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია)", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება და პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და რომლის გათავისუფლებასაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯგუფურად 2 ნოემბერს დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა