logo
ENG



გირჩი-თავისუფლება მელია-ხოშტარიას მხარს უჭერს და ვიცე-მერობის კანდიდატი ეყოლება

23 ივლ 202121:29
3 წუთის საკითხავი
 
გირჩი-თავისუფლება მელია-ხოშტარიას მხარს უჭერს და ვიცე-მერობის კანდიდატი ეყოლება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს დაუჭერს მხარს. 

როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, გირჩის წარმომადგენელი იქნება თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი.

"ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი - მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას.

ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან", - წერს ჯაფარიძე. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძეა


close დახურვა