"გირჩი" საგანგებო მდგომარეობის რამდენიმე შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
პარტია სასამართლოში სარჩელს 13 აპრილს შეიტანს. კერძოდ, პარტია ამ შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს:
• მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზღუდვა;
• სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
• ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ჰყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
• ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.
პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, რადგან მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.
"თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცველია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან?
საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3.7 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა უამრავ ოჯახს შეიძლება შეეხოს“, - ამბობს ჯგერენაია.
თეკლა დავითულიანიც ერთ-ერთია ვისი საქმეც „გირჩის“ მიერ მომზადებულ სარჩელშია - ის ამბროლაურში, სამ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის წესის დარღვევისთვის, 3 აპრილს, საღამოს 6-ის ნახევარზე დააჯარიმეს.
"გირჩის" ინფორმაციით, პარკში სასეირნოდ გასული თეკლა შეყვარებულს და მის ორ ნათესავს შეხვდა და სალაპარაკოდ გაჩერდა. პოლიციამ ოთხივე დააჯარიმა.
პარტიის მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობის, კომენდანტის საათისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, 27 მარტიდან დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.