პოლიტიკური პარტია გირჩი ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელი თამაშის ერთად ყურებას სთავაზობს. იმის გამო, რომ 12 ნოემბრის თამაშზე დასწრება პანდემიის პირობებში დაშვებული არ არის, გირჩი დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, დიდ ეკრანთან შეკრების ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას პარტია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
"მთავრობის შეზღუდვების გამო, 12 ნოემბრის საქართველო - ჩრ. მაკედონიის მატჩს გულშემატკივრები ვერ ესწრებიან. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! 12-ში, 20;45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ 22:00 საათიდან კომენდანტია გამოცხადებული და ამ დროისთვის თამაში ჯერ დასრულებული არ იქნება, გირჩი სტადიონთან დარჩენას გეგმავს.
"ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან. გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს. თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. დაპირისპირება ერთრაუნდიანია და დინამო არენაზე გამარჯვებული 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. მატჩი 21:00 საათზე იწყება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში არიან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებენ.