logo
ENG



გლდანის ციხესთან ხმაურია - ნიკა გვარამიას სააკაშვილთან არ უშვებენ

08 ნოე 202123:40
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის ციხის საავადმყოფოსთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მივიდა და ექსპრეზიდენტთან შესვლას ითხოვს. 

გვარამია ამბობს, რომ არ წავა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას არ მისცემენ. 

"თუ არ შემიშვებენ ეგეც პასუხია... მე ვარ აქ როგორც ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი, რომელმაც არაფერი არ ვიცი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", - ამბობს სააკაშვილი.

ციხის ტერიტორიაზე მივიდა შსს-ს წარმომადგენელი, თემურ კუპატაძე. ის გვარამიას სთხოვდა, რომ ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან ის გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ახდენდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მანამდე, სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა  და თქვა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა