logo
ENG



გლდანის ციხეში პატიმარს ვეგანური საკვების მიწოდებაზე უარი უთხრეს, მან სასამართლოში იჩივლა

17 მარ 202113:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/17/xqqib5obwsa2xkh.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გლდანის ციხეში პატიმარს ვეგანური საკვების მიწოდებაზე უარი უთხრეს. ის მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვეპლი იყო, რის გამოც სასამართლოს მიმართა.

"მოსარჩელე არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. 2019 წელს იგი მოთავსებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან აცნობა ადმინისტრაციას ამის შესახებ და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა.

მიუხედავად თხოვნისა, მას არ მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა ვეგანურ საკვებს. ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში უწევდა იმაზე ბევრად ნაკლები საკვების მიღება, ვიდრე ნორმაა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ღებულობდა სპეციალურ საკვებს, მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები", - ამბობენ საია-ში.

საია-ს ცნობით, მოსარჩელე ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლო საქმის განხილვას 18 მარტს იწყებს.


close დახურვა