logo
ENG



გლდანში ახლად რეაბილიტირებული გზის ჩავარდნას მერია უხვი ნალექით ხსნის

26 აგვ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებულ გზას პრობლემა უხვმა ნალექმა შეუქმნა. 

მომხდარის შესახებ კითხვა მას სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დაუსვა.

"ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობდა პროექტის მიხედვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე რაიონში შექმნა პრობლემა. მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე სისტემა გადაივსო, რაც, პირველადი მონაცემებით, დაზიანების გამომწვევი მიზეზია. დაზიანებისთანავე, მერიის შესაბამის სამსახურები არიან 24-საათიან რეჟიმში, რათა დაზიანებული მონაკვეთი უახლოეს ხანებში აღდგეს და მოძრაობის გაიხსნას", - განაცხადა ბენდელიანმა.

ამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტს დაავალა, რომ დაიწყოს გლდანში, ახლადრეაბილიტირებული გზის შესრულებულ სამუშაოებზე მოკვლევა. მან ნალექის სიჭარბეზეც ისაუბრა.

"ჭარბ ნალექს რაც შეეხება, საოცარი მდგომარეობა იყო, ბევრმა ნახა ვიდეოკადრები, რა ხდებოდა გლდანში. როგორც გარემოს დაცვის მონაცემებში წავიკითხე, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ დაფიქსირდა მსგავსი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მინდა შიდა აუდიტს დავავალო, რომ დაიწყოს მოკვლევა როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მიკრორაიონებიდან წყალი მოედინებოდა ცენტრალურ ქუჩებზე, რადგან ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე სანიაღვრე სისტემები არ არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ გლდანში ამ ორი მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მიკრორაიონებში ამსვლე-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არ არსებობს არანაირი სანიაღვრე სისტემა. შესაბამისად, აუცილებელია დღესვე დაიწყოთ სამუშაოები ამ კონკრეტულ ქუჩებზე. ის ნალექი, რაც იმ დღეს მოდიოდა, პირდაპირ მოდიოდა ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე", - განაცხადა კალაძემ.

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევა 25 აგვისტოს ღამით მოხდა, მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ელ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.


close დახურვა