პროკურატურის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 6 ადამიანის ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ 4 პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით", - წერია განცხადებაში.