ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს, რომ "ევროპას არ აქვს უფლება, დაუშვას ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი".
გლუკსმანი Twitter-ზე ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს სტატიას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ "ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრების შემდეგ ციხეში მოწამლეს".
"ევროპას უბრალოდ არ აქვს უფლება, დაუშვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი, რომელიც 10 წლის განმავლობაში პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო", - წერს გლუკსმანი.
Mikheil Saakachvili empoisonné au mercure et à l’arsenic: les scientifiques sont formels.
L’Europe ne peut pas laisser ce Président qui fut l’ennemi public numéro 1 de Poutine pendant 10 ans mourir dans une geôle géorgienne. Inconcevable.#FreeMisha https://t.co/9Ebtvl3cdP
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.