მოძრაობა „შეცვალეს" დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ნიკა ფარულავას, ოთო შენგელიასა და ბექა პაპაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დაიწყება. აქტივისტები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს. სამივე მათგანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და შეურაცხყოფას ედავებიან.
მოძრაობა „შეცვალეს“ ინტერესების დამცველის თქმით, ხელისუფლების მიზანია დააკავოს ყველა ის პირი, რომელიც მათ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მისივე თქმით, ამ ადამიანებისთვის ის მიზანი, რისთვისაც იბრძვიან, არის უფრო ღირებული.
„ხელისუფლებას აქვს არჩეული ტაქტიკა, ვინც კი აპროტესტებს აქტიურად ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანებისა აკავებენ და რამდენიმე დღით, რასაც აძლევს კოდექსი საშუალებას სვამენ წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, ამის გაგრძელება იყო სწორედ ამ ადამიანების დაკავება, ეს ადამიანები დარწმუნებული არიან თავიანთ სიმართლეში და დარწმუნებულები არიან, რომ მიზანი რისთვისაც იბრძვიან, მათ შორის პროპორციული არჩევნები არის უფრო ღირებული“,-განაცხადა გოგა ონიანმა.
„შეცვალეს" წევრების თქმით, სასამართლოს შემდეგ ისინი რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
„16:00 საათზე ჩანიშნულია მოძრაობა „შეცვალეს “ წევრების პროცესი, ნიკუშა ფარულავა, ოთო შენგელია და ბექა პაპაშვილი ელიან მოსამართლის განაჩენს, ისინი დაკავებულნი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით და მოძრაობა შეცვალე ასევე იქნება სასამართლოში და ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, ასევე გავაჟღერებთ უკანონო დაკავებას პარლამენტიდან და დაველოდებით მიმდინარე პროცესებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ შემდეგში“,-განაცხადა ელენე მეტრეველმა.