logo
ENG



გოგაშვილი: FSB-ს აგენტებს დავალება აქვთ, პატრიარქი სასურველი კანდიდატით ჩაანაცვლონ

27 ივლ 202218:24
3 წუთის საკითხავი
 
გოგაშვილი: FSB-ს აგენტებს დავალება აქვთ, პატრიარქი სასურველი კანდიდატით ჩაანაცვლონ

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. 

გოგაშვილი ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის მომავალ კანდიდატზე წერს და აცხადებს, რომ რუსული "FSB-ს აგენტებს დავალება აქვთ, მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება".

ის ახსენებს კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიანს და ამბობს, რომ ისინი რუსი აგენტები არიან. 

ოფიციალურად სოსო გოგაშვილი სწორედ მათი საჩივრების საფუძველზე დააკავეს - საქმე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ არსებულ ერთ-ერთ ბრალს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ეხება.

მანამდე ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენების ბრალდებითაც უჩივლა. 

დღეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მათ "ვითომდა დაზარალებულებს უწოდებს, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან". 

"ამით პირდაპირ დასტურდება ჩვენი ძალოვანი უწყებების და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი". - წერს გოგაშვილი. 

მისი განცხადებით:

"რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის - მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ ეს ბე-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.

ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში რომ არიან, ეს ზემოაღნიშნული (მიმდინარე) საქმითაც დასტურდება, რაშიც მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება და დასკვნები საზოგადოებისათვის მიმინდია". - აცხადებს სოსო გოგაშვილი.

ამასთან, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ირწმუნება, რომ უწყებაში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც ის "ყოველთვის ცდილობდა, ამ ყველაფრისთვის ხელი შეეშალა".

მისივე თქმით, პატრიარქობის კანდიდატად განიხილებოდა პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი, რომელიც "ორივე მხარესთან მუშაობდა". 

ამასთან, გოგაშვილის ცნობით, თავად პატრიარქი ილია მეორეც გეგმავდა გადადგომას, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

"პრევენციულად, რამდენჯერმე, სუს-იდან წამოსვლის შემდეგ ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გავაჟღერე, მაგრამ, სავარაუდო კანდიდატები არ დამისახელებია (პატრიარქობის).

პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით არ გავაჟღერე ეს, იმიტომ, რომ მინდოდა პირადად მეუფე შიო მენახა.

30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება.

ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია. უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი.

მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: "იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”.

მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი". - წერს სოსო გოგაშვილი. 

როგორც ამბობს, ამის შემდეგ პაუზა აიღო, თუმცა, მიიღო არაერთი მუქარა, გაფრთხილება თუ "კეთილი რჩევა". 

"ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე პოლიტიკური აქტივობა, მხილების კამპანია, თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული "რჩევა-გაფრთხილება” მივიღე ვახო გომელაურისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი, საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ". - აცხადებს გოგაშვილი. 

ის ახსენებს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობსაც და აცხადებს, რომ მან წელიწადნახევრის წინ გოგაშვილი გააფრთხილა, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდაციას და ამის მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაბრალებას აპირებდა. 

"ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ქილერს და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს ქილერი იმყოფებოდა პანკისში.

მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია. დავუბრუნდები ე.წ "გატარებულ” ღონისძიებებს.

როგორც ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვთქვი, ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს, როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან". - წერს სოსო გოგაშვილი. 


close დახურვა