სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ადასტურებს ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლას. როგორც გოგაშვილი თავის მორიგ განცხადებაში წერს, ზეწოლა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით განხორციელდა. მოსამართლე ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან პირად მიიჩნევენ.
"მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუს. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.
სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიოჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს", - წერს გოგაშვილი.
იგი მოუწოდებს ალავიძეს, ბოლომდე ისაუბროს და ყველაფერი თქვას აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით.