სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დღევანდელ ფეისბუქ-პოსტში წერს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა და აწამებინა, რადგან "მისი ქურთობა არ მოსწონდა".
სოსო გოგაშვილი დღევანდელი პოსტით ვახტანგ გომელაურსაც მიმართავს და მის მიმართ რამდენიმე ბრალდებასაც ახმოვანებს:
"შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ, მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის?
მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო, თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი, აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუს-ის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე, თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?
ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!". - წერს გოგაშვილი.
სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ასევე თქვა, რომ მანამ, სანამ "ივანიშვილი ქვეყნის მმართველი გახდებოდა, მისი ფუნქცია მერცხლის ბუდის დანგრევა და მათი დახოცვა იყო, რადგან ნერვებს უშლიდნენ".
"ვახო, შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე, სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ.
ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000-კაციანი შსს გიჭირავს ხელში". - მიმართავს სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს.