logo
ENG



გოგაშვილის ცოლი: დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ

16 ივლ 202215:12
3 წუთის საკითხავი
 

სოსო გოგაშვილის ცოლის, თეა მარტყოფლიშვილის თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული, მათგან 2 - სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილია. 

236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, 157-ე მუხლი კი - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას.

მარტყოფლიშვილი ირწმუნება, რომ მის ქმარს იარაღი ჩაუდეს. 

"ოთახში შევარდნენ და მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი?! ჩემი თვალით დავინახე ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და კალაშნიკოვი, აკაესი... ბავშვი შედის ოთახში და როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა? შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელი, დაუძახა ბიჭებს აქ რა გინდა, აქ რატომ ამოიყვანეთო". - თქვა ჟურნალისტებთან. 

მისივე თქმით:

"მაჩალიკაშვილს 2 პრიმა მუხლი ხომ წაუყენეს, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდოდა და კაცი გარეთ დადის. აქედან მე დასკვნა გამომაქვს, რომ მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, არამედ სდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს არის ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს. ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები და ვერც სიბინძურეები უნახეს. ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო". 

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს. 

სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილის შვილების, ნიკა და ნინი გოგაშვილების სახლებში. ნინი გოგაშვილის სახლის ჩხრეკის ვიდეო თავად მან გადაიღო და გაავრცელა. 

ნიკა გოგაშვილის თქმით, გაჩხრიკეს მამამისის მძღოლის სახლიც, ასევე, სასტუმრო ხირსა სიღნაღში. 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილმა თქვა, რომ ჩხრეკისას სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები. 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება". უწყება ამბობს, რომ  ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. 


close დახურვა