თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნას ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ იზორიასთან დაკავშირებული მოვლენები მმართველ გუნდში არსებული კლანური გამოძახილია.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, არავის აქვს მოლოდინი, რომ იზორიას დასჯიან.
„არავის აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასჯის ან კორუფციის, ან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას საკუთარი წევრების მხრიდან და ბუნებრივია, იზორიაც არაა გამონაკლისი. რეალურად, თუ რაიმე დავინახეთ, რომ მასთან მიმართებით რაიმე რეაგირება მოხდა, ეს იქნება „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა კლანური ბრძოლების გამოძახილი. ამ თვალსაზრისით, საინტერესო იქნება დავაკვირდეთ, თუ ვის დანიშნავენ იზორიას ნაცვლად და ვისი კლანი გაძლიერდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილს მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოსწონს, როდესაც მის გუნდში კორუფციაში გასვრილი ადამიანები არიან.
„ივანიშვილს მოსწონს ის ადამიანები, რომლებიც გასვრილები არიან, განსაკუთრებით, როდესაც ეს ადამიანები კორუფციაში არიან გასვრილები. ბატონ იზორიასთან მიმართებით იყო კითხვის ნიშნები და ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს იმ უწყებამ, რომელსაც ეს ევალება“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში გამიკვეთა ტენდენცია, რომ გუნდიდან დამსახურებულად წასულებს ან უკან აბრუნებენ, ან დამსახურებულ ადგილს უძებნიან.
„მმართველ გუნდს დასჩემდა, რომ თუ ვინმეზე იტყვიან დამსახურებულად წავიდა თანამდებობიდანო, ცოტა ხანში ან უკან აბრუნებენ, ან რაღაც დამსახურებულ ადგილს დაიმსახურებს და მგონი, იზორიასთან დაკავშირებით იმავე თემასთან გვაქვს ადგილი“, - განაცხადა კობერიძემ.
იზორიების მხრიდან კორუფციის ნიშნებზე საუბრობს „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი თამარ კორძაია და აღნიშნავს, რომ ლევან იზორიას მისი ოჯახის წევრების პრობლემებზე საუბარი მობეზრდა.
„მოსვლის დღიდან იზორიების კლანი ჩხოროწყუში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. არ არსებობს სფერო და ბიზნესი, რომელსაც იზორიას ბიძა, იზორიას ბიძაშვილი... ჯუმბერ იზორია, რომელიც ახლა უნდა შემოვიდეს პარლამენტში თავისი პრობლემებით, რომელსაც კონტრაბანდული სიგარეტი აღმოუჩინეს. იზორიას ეტყობა მობეზრდა ამ პრობლემების მოსმენა, პრობლემების, რომელსაც მისი ზურგით ქმნიან ეს ადამიანები და მოუნდა კომფორტულად გერმანიაში საქართველოს სახელით საუბარი“, - განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორია თანამდებობის დატოვებას მისი ძმის ინციდენტს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო. თუმცა, ამავდროულად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა.
რაც შეეხება იზორიას ძმის საქმეს, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.
აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.