logo
ENG



გოლეთიანი: შაბათის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება, ჩატარდება თუ არა მორიგი დიდი აქცია

08 ივნ 202109:45
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

"რიონის მცველებმა" ხეობაში კიდევ ორი შესასვლელი გადაკეტეს.

აქტივისტები ახლა 8 ადგილს აკონტროლებენ და ცდილობენ, ხეობაში კომპანია ენკას ტექნიკა არ შეუშვან.

ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, გადაკეტილი გზების პატრულირებაში დაეხმარონ - მისი თქმით, სჭირდებათ ადამიანური რესურსი. 

ასევე, შაბათს, 12 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ხელისუფლებასთან - როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი იწყება. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, შაბათის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველების" მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა