logo
ENG



გომელაური: 2012 წლამდე 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა, როცა ციხეში 3-ჯერ მეტი ადამიანი იყო

25 სექ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების კითხვის პასუხად ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით კრიმინალი არ გაზრდილა. შს მინიტრის თქმით, ამის დასტურია სტატისტიკა, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ამასთან, გომელაური აღნიშნავს, რომ კრიმინალი სულ კლებადი ვერ იქნება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 

"მინდა ერთი რაღაც ვთქვა და მგონი, მარტივია - არსებობს ჩვენი გვერდი, სადაც არის ოფიციალური ციფრები, არა მარტო ამ წლის, იქ არის 2019, 2018 და ა.შ. მონაცემები. აქედან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკოსები და მათ შორის, სამწუხაროდ, ჟურნალისტებიც საუბრობენ, რომ თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, შევიდნენ საიტზე და გადახედონ ციფრებს. მით უმეტეს, 2007 და 2008 წელს მე ვერ დავწერდი ამ ციფრებს და ნახავთ რამხელა სხვაობაა წინა წლებთან შედარებით. სულ კლებადი ვერ იქნება რაღაც, ხან იკლებს, ხან იმატებს, ჩვეულებრივი თემაა", - აცხადებს გომელაური.

გომელაური აცხადებს, რომ 2012 წლამდე ციხეებში იჯდა 25 000-მდე ადამიანი, დღეს კი 9 000-მდე.

"2012 წლამდე როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული დანაშაული. სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იყო ციხეში. არის საიტზე ციფრები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ", - აცხადებს გომელაური.

მისი თქმით, არჩევნების წინ გასაკვირი არ არის, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები კრიმინალის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  დანაშაულის საერთო რაოდენობა 14,2%-ით არის შემცირებული, თუმცა გაზრდილია ისეთი ძალადობრივი დანაშაულების სტატისტიკა, როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა (66,6%-ით); განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (8.7%-ით); მკვლელობის მცდელობა (12,7%-ით); თვითმკვლელობამდე მიყვანა (5,7%-ით) და სხვა.


close დახურვა