31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ცერემონიას მართავს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს საპოლიციო და სამხედრო ტექნიკა, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების მანქანები და აღჭურვილობა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და პოლიციელებს მიმართა.
"დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. [...] პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. [...] ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე; ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს; ვზრუნავთ საგზაო უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნაზე". - თქვა გომელაურმა.
მისივე თქმით, საქართველო პატივს სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, "სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება".
"ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ. მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსებისა და პატივის დამცველი. თუმცა, ამავე დროს, ობიექტური და მომთხოვნი". - თქვა გომელაურმა.