შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ოპერატიული ინფორმაცია აქვთ, რომ ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება. ესებუას მე-8 თვეა, 21 ოქტომბრიდან ეძებენ.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ზუსტი ადგილსამყოფელი არ იციან, თორემ რომ სცოდნოდათ, "ლოგიკური თემაა, რომ დააკავებდნენ".
"ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი თემაა მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ღირსების თემაა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად. ვისაც უნდა ყველა ძაან ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის", - თქვა გომელაურმა.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.