logo
ENG



გომელაური 14 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ

14 თებ 202115:50
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე უწყებამ "შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა". როგორც გომელაურმა თქვა, თუ ვინმეს გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, "შეუძლიათ გაასაჩივრონ". 

14 წლის გოგომ ქობულეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით 10 თებერვალს დაასრულა. როგორც გაირკვა, ის 6 თვის წინ გააუპატიურეს. პოლიცია დანაშაულზე დეკემბრის დასაწყისიდან ინფორმირებული იყო. თუმცა, სამართალდამცველებმა მოძალადე მხოლოდ გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. 

"ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ასე შედეგ. ანუ ჩვენ რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. ვისი საკითხი დადგება-არ დადგება, ასე კითხვას ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ. თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი, შეიძლება შეიტანოს საჩივარი. თუ ვინმეს შეკითხვები აქვს, მიმართონ სხვადასხვა უწყებებს და მოიძიონ", - განაცხადა გომელაურმა.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგოს ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. 

მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. 

სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 

დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს "თითი არ დაუკარებია". 

ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა


close დახურვა