logo
ENG



გომელაური გინტურზე: იმ გარდაცვალების მერე გავაძლიერეთ რაღაცები, არ მინდა ღიად ვისაუბრო

20 მარ 202416:29
3 წუთის საკითხავი
clock 415
2024/03/20/4vqxmxunrh7qm39.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გარდაცვალებას უწოდებს და ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ, "ბევრი რამე გააკეთეს".

გომელაურის თქმით, მიმდინარეობს პატრულირება, თუმცა საუბრობს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზის 100%-იანი გადაფარვა შეუძლებელია და საზღვარს ბოლომდე "ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ვერ იცავს". 

"მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზია, არის დაახლოებით 400კმ-იანი საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით, ურთულესია. 100%-ით მისი გადახურვა, არაერთხელ მილაპარაკია, ფიზიკურად შეუძლებელია, რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, 100 000 თუ გავხდებით შსს-ში მაშინ კი ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა, ეს ვერ მოხდება, ფიზიკურად. 

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს ბოლომდე საზღვარს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო აშშ კი არა, ბევრი ევროპული და აზიური ქვეყნებიც. 100%-იანი დაკეტვა მე მგონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია, გადაკეტილი აქვთ მთელი საზღვრები. მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ 100%-იანი დახურული აქვს საზღვრები, მით უმეტეს საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენი მოქალაქეები ზოგი გადადის იქით, ნათესავი ჰყავთ, ზოგი სასაფლაოზე გადადის და სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას.

თქვენ თუ იცით გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით. რა ვიცი, 10 წელია ხელმძღვანელი პირი ვარ, 2 წელი მოადგილე ვიყავი, მე ვკურირებდი მაგ მიმართულებას, მაშინ, როცა მოადგილე ვიყავი შს მინისტრის. ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც, არა მარტო ქართველებთან. ამის გამოსავალს, ეს გააკეთეთ და გადახურული იქნება 100%-ით, მე არ ვიცი, ვერავინ ვერ გვეუბნება. მესმის, რომ უფრო მეტი შეიძლება შევძლოთ, რაღაცა გავაკეთოთ, თუმცა იმ გარდაცვალების [თამაზ გინტური] შემდეგ, კიდევ დავამატეთ, რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო, ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენს ოკუპანტებს რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ", - ამბობს გომელაური. 

 


close დახურვა