შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შსს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში შესვლის უფლებას მეტი დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით არ აძლევს.
გომელაური ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს მიღმა გადავლენ, შესაძლოა დაპირისპირება მოხდეს და მოქალაქეები დაშავდნენ.
"რკინის ჯებირები დაგვჭირდება, დაბალი ჯებირები, თუ რაც დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება... იცით თქვენ, რომ ტექნიკა დაუწვეს იქ ერთხელ შიგნით, მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და ენკას ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. აქედან გამომდინარე, რომ შევუშვათ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები შიგნით", - ამბობს გომელაური.
ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეცრაზმს შეუძლია "ყველაფერი გამოიყენოს", მათ შორის წყლის ჭავლიც.
"სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვთ აღჭურვილობა, მათ შორის იქნება ეს სპრეგაზი თუ წყლის ჭავლი, თუ საჭირო იქნება და თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ", - ამბობს გომელაური.
რიონის ხეობის მცველები რამდენიმე დღეა პროტესტს რკინის ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავენ და ხეობაში გადასვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ლითონის კედლებს მიღმა, რიონის ხეობაში გადასვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
ჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
"რიონის მცველები" ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.