logo
ENG



გომელაური წულუკიანზე: არ მინახავს რა მოხდა, მოვიკითხავ

22 ივლ 202122:05
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური წულუკიანზე: არ მინახავს რა მოხდა, მოვიკითხავ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შესახებ ახლახანს შეიტყო.

როგორც გომელაურმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, "ინფორმაცია სტუდიაში შესვლის წინ მიაწოდეს".

"სიმართლე გითხრათ, ახლა მომახსენეს ეს თემა. მე არ მინახავს ჯერჯერობით რა მოხდა. აუცილებლად მოვიკითხავ. დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. მითხრეს, რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. სანამ შემოვიდოდი სტუდიაში მომახსენეს, გავერკვევით აუცილებლად", - განაცხადა გომელაურმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო, გოგოხიამ ადგილზე პატრული გამოიძახა, თუმცა როგორც ის ამბობს, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მინისტრს ვერ მიუახლოვდებოდნენ და ვერც კითხვას დაუსვამდნენ. 

"გამოკითხვის შემდეგ ეკიპაჟმა ოფიციალური განმარტება გააკეთა, რომ ისინი ვერ მიუახლოვდებოდნენ მინისტრს და დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვასაც ვერ დაუსვამენ. გამოკითხვის ოქმს გადასცემენ კრიმინალურ პოლიციას და ისინი ჩაერთვებიან შემდეგ ამ ფაქტის გამოძიებაში", - თქვა ემა გოგოხიამ.

წულუკიანის ქმედებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. მან აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის ქმედება იმ აგრესიული დამოკიდებულების გამოვლინება იყო, რაც მმართველ გუნდს აქვს მედიისადმი და რაც ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს.


close დახურვა