logo
ENG



გორდონი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს

25 დეკ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. გორდონის თქმით, სააკაშვილი პუტინის მეგობარი ოლიგარქის პირად ტყვეობაშია.

"მთელი მსოფლიოს გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გამოჩენილი ქართველი პრეზიდენტი, ავტორი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, იტანჯება ციხეში და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. ყველას ვთხოვ, ვისზეც არის დამოკიდებული, უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან აშშ-ში. აუცილებელია ამ ადამიანის გადარჩენა, თუ არ გადავარჩენთ მას, მსოფლიო ინანებს ამას", - განაცხადა გორდონმა.

სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი გავრცელდა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს გაუგზავნა. სააკაშვილი წერს, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგების დასკვნის თანახმად, ის ციხეში მოწამლეს და მიზანი მისი სიკვდილი იყო, თუმცა გადარჩა, ახლა კი სათანადო მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგი გარდაუვალია. სწორედ ამ წერილის საპასუხოდ, დმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

გუშინ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსაც მისწერა წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით მოკლეს. წერილი, რომელიც სააკაშვილმა რუსულად დაწერა, ფეიგინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.


close დახურვა