გორის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ერასტი ელიჯარაშვილი აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან იყო პირდაპირი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ თანამდებობა დაეტოვებინათ, თუმცა გორის მერის ყოფილი მოადგილეები არ აკონკრეტებენ, ვის თხოვდათ მათ სამსახურიდან წასვლას.
"გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არ გამოვეკიდებით მას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ",- განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.
გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება 14 აპრილს დატოვა.
კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ.
დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ დაშვებულ შეცდომებსაც.
ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელეს.