გორის საკრებულოში ოპოზიციამ მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ოცნებამ მომავალი წლის ბიუჯეტში მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და ბიუჯეტი პარტიულ ინტერესებს მოარგო. ენმ-ის დეპუტატების თქმით, მათი პროტესტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რაზე პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას ეკისრება.
„მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია და ქართული ოცნება კლავს. მაშინ, როცა ქართული ოცნება, როგორც სჩვევია, ვიწროპარტიული ინტერესების გათვალისწინებით ამტკიცებს ბიუჯეტს, მაშინ როცა გორის მერმა ვერცერთ კრიტიკულ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა. ჩვენ აღნიშნულ საკრებულოს სხდომაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისხდებით და მხარს არ დავუჭერთ. პროტესტის ნიშნად დღევანდელი სხდომა დავტოვეთ. დავტოვეთ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის სისხლიან რეჟიმს ვეუბნებით უარს“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბექა ქორჩილავამ.
საკრებულოს სხდომას გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ესწრებოდა. ენმ-ის დეპუტატების თქმით, მერმა მათ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. ხინჩეგაშვილს ჟურნალისტემა ჰკითხეს, რას ფიქრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
„კი, ვნახე [ფოტო] და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო მისი ამ მდგომარეობაში ფოტოს ნახვა“ - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
კითხვაზე, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხისგან "თავს შეიკავებს".
