ე.წ. კრიზისული ბიუჯეტი და ოპოზიციის მხრიდან საგანგაშოდ შეფასებული დოკუმენტი - 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის ფრაქციებში განიხილავენ. დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის შეხვედრა უკვე დასრულდა.
ენმ-ში აცხადებენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის მოთხოვნებს არ პასუხობს. მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტის 54 პროცენტი ნასესხები თანხით არის შემდგარი, რაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროსაც არ ყოფილა.
პარტიის წევრები ასევე დაინტერესდნენ სად არის თანხები, რომელიც მოსახლეობამ stopcov-ის ფონდში გადარიცხა. საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თანხებს არავინ შეეხება და ამ რესურსის გამოყენება მაშინ მოხდება, თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყება.
სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი ბიუროკრატიისა და „ოცნების“ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად არის აგებული.
„ძალიან ბევრი ტყუილი იქნა მხილებული ამ ბიუჯეტის განხილვისას. სამწუხაროდ ბიუჯეტი გადანაწილებულია ქართულ "ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესისა და ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. 5 მილიარდნახევარი ლარი დახმარება და სესხი მოიზიდეს და აქედან ბიუჯეტში გვეგონა, რომ 10% მაინც იქნებოდა ჩადებული პირდაპირი ფულადი გასაცემების სახით, ახლა კი გავიგეთ, რომ ნახევარი იქნება წლის ბოლომდე და შეიძლება ისიც არ იყოს. ბიუჯეტი არის აგებული ბიუროკრატიისა და ოცნების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად და არა ხალხის, მოქალაქეების ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ბიუჯეტის განხილვა ფრაქციებში გრძელდება. ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ევროპული საქართველოს“ წევრების კითხვებს პასუხობს.