logo
ENG



გოცირიძე:ისაუბროს მეუფე იაკობმა საეკლესიო გადატრიალებაზე გახარიას მონაწილეობით

12 ივნ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში სესიის პარალელურად ბოდბელი ქორეპისკოპოსი იაკობი გამოჩნდა. სასულიერო პირს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა. რა თემაზე შეხვდა მეუფე იაკობი არჩილ თალაკვაძეს, ამას მხარეები არ აკონკრეტებენ. სასულიერო პირის პარლამენტში ვიზიტის კადრები „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მეუფე იაკობთან კითხვები საეკლესიო გადატრიალებასთან დაკავშირებით აქვს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების წამყვანი პირები, მათ შორის გიორგი გახარია და რამდენიმე მინისტრი მონაწილეობდნენ.

„კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება. თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეგვხვდება და მოგვახსენებს იმას რაც მან ერთხელ უკვე თქვა, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა საეკლესიო გადატრიალება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების წამყვანი პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის გიორგი გახარია და რამდენიმე მინისტრი. საკითხი არ არის დახურული და ეს დანაშაული ადრე თუ გვიან იქნება გამოძიებული“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძემ განმარტება უნდა გააკეთოს, თუ რა ტიპის შეხვედრა ჰქონდა მეუფე იაკობთან. მისივე განცხადებით, პარლამენტი არ არის ისეთი პრივატული სივრცე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ პირადი შეხვედრები უნდა გამართოს. 

„პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, განსაკუთრებით სასულიერო პირის იერარქთან არ უნდა იყოს როგორც წესი კონფიდენციალური. მე მგონია რომ არჩილ თალაკვაძემ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რა ტიპის შეხვედრა გაიმართა. ეს არ პრივატული სივრცე, სადაც პირადი შეხვედრები უნდა გამართონ, ეს არის ისეთი სივრცე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება საპატრიარქოს წარმომადგენელს მან ეს განმარტება უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა