„ის რაც მოხდა ლართან დაკავშირებით, ეს არის შედეგი მრავალწლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც ტარდებოდა ქვეყანაში და რომლის შესახებაც არაერთხელ მივუთითებდით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტად ქართული ლარი და მექსიკური პესო გაუფასურდა. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამის მიზეზად მხოლოდ საგარეო ფაქტორების დასახელება არასწორია, რადგან სახარბიელო არც საშინაო ფაქტორებია, მათ შორის საბიუჯეტო პოლიტიკა.
„ფაქტობრივად გამოვაცხადეთ მორატორიუმი და ამ მძიმე ვითარებაში არ გვინდოდა მრავალმხრივ საკრიტიკებელი ხელისუფლების კრიტიკა, ვიცით რომ მართლაც მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკაში მაგრამ რატომ მოხდა, რომ მთელ მსოფლიოში ლარი გაუფასურდა ყველაზე მეტად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. გვითხრას ქალბატონმა ნათია თურნავამ, რომელმაც განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებშიც უფასურდება ლარიო, სომხეთში გაუფასურდა? თურქეთში გაუფასურდა ან აზერბაიჯანში? რუსეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყენაში? რაც კორონავირუსის კრიზისი დაიწყო, ამ ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე დევალვირებადი ორი ვალუტა არის ქართული ლარი და მექსიკური პესო. ყოველთვის როცა ლარი უფასურდებოდა, მიუთითებდნენ საგარეო ფაქტორებზე. ამით იმართლებდნენ თავს, მაგრამ საგარეო ფაქტორი იმიტომ მოქმედებს ლარზე და არ მოქმედებს სომხურ დრამზე, რომ საშინაო ფაქტორი არ აქვთ ცუდი, ჩვენს შემთხვევაში კი ცუდია, მათ შორის საბიუჯეტო პოლიტიკა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ბიუჯეტი არის ბომბი. მასში უამრავი უსარგებლო ხარჯია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.