საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერი ასევე სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანა გაღარიბდა.
გოცირიძის თქმით, 59 000 ადამიანით ნაკლებია დღეს კერძო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა, ვიდრე იყო 2015.
„როგორც ნახეთ, მეორე დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა და უხეშად გაიქცა ტრიბუნიდან. ეს იმიტომ მოხდა, რომ როგორც იტყვიან, ჩამოხრჩობილის სახლში თოკი არ უნდა ახსენოო. თოკი ვუხსენეთ - ეს თოკი „ქართული ოცნებისთვის“ არის სიღარიბე, უმუშევრობა. დავუსვით კონკრეტული შეკითხვა - რატომ ვერ დაძლია ელემენტარული დონითაც კი სიღარიბე ოცნებამ. 59 000 ადამიანით ნაკლებია დღეს კერძო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა, ვიდრე იყო 2015. მთლიანი დასაქმებულების რაოდენობა იზრდება, იზრდება საბიუჯეტო სექტორში. დაასაქმეს თავიანთი ნათესავები, მთელი თავიანთი აქტივი, რომელთაც ოქტომბერში გამოყრიან.
გახარიამ მოიყვანა არასწორი ციფრები. ინტერპელაციის დროს ვალდებულია მთავრობა გაგვცეს წერილობითი პასუხი, წერილობითი პასუხი მოვიდა აბსოლუტური სიცრუეა. წერილობითი პასუხი მოვიდა, აბსოლუტური სიცრუეა. რატომ გაათავისუფლეს კვირიკაშვილი, რომ თურმე ივანიშვილმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაში რომ ჩაიხედა, ორი ღამე არ ეძინა, თურმე საქართველოში სიღარიბეა და მოხსნა კვირიკაშვილი. უკიდურესი სიღარიბის დონე 2015 წელს პენსიონერებში იყო 1,7%, ხოლო 2017-ში გახდა 3,7%. პენსიონერები გაღარიბდნენ, ეს არის ბოლო კვლევა, რომელსაც ვენდობით. მთელი მოსახლეობის მასშტაბით უკიდურესი სიღარიბე იყო 2,5% და გახდა გაერო-ს ამ კვლევით 6,8% 2017-ში“, - განაცხადა გოცირიძემ.
თავდაპირველად, გიორგი გახარიას კითხვით გოცირიძემ მიმართა და მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის გამო გააკრიტიკა. გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას ფინანსური დახმარება არ გამოუყო.
პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სიცრუეში დაადანაშაულა. გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 427 206 ადამიანმა ქეშის სახით სახელმწიფოსგან უკვე მიიღო დახმარება.
ამის შემდეგ, თავის მხრივ, გოცირიძემ გახარია ასევე სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის მიერ მოყვანილი ციფრები სიღარიბესთან დაკავშირებით სიცრუე იყო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება პრემიერი გიორგი გახარია და ის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს პასუხობს.