logo
ENG



გოცირიძე იპოდრომზე: ივანიშვილმა რაც გადაიხადა, ის ამოიღო, მოსყიდვის მორიგი აქტია

05 ოქტ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 
გოცირიძე იპოდრომზე: ივანიშვილმა რაც გადაიხადა, ის ამოიღო, მოსყიდვის მორიგი აქტია

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისისთვის იპოდრომის ტერიტორიის გადაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა და ადრე თუ გვიან აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკი მაინც გაშენდებოდა.

გოცირიძის თქმით, იპოდრომი გაიყიდა იმ პირობით, რომ ერთ ნაწილში იქნებოდა რეკრეაციული ზონა, მეორეში თანამედროვე განაშენიანებული სივრცე. ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, ის ტერიტორია, სადაც იყო საჯინიბოები, სასტუმრო კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაინგრა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და ბეტონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმა, ანუ ივანიშვილმა "რაც გადაიხადა, ის ამოიღო".

"ივანიშვილმა იპოდრომი თბილისის მერიას დაუბრუნაო. მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები? მანიპულატორი და ამომრჩევლის მომსყიდველი.

იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება. ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება. იქ არავინ გააბედვინებდა ვინმეს კორპუსების აშენებას. ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა.  ვერ უშველის ეს", - აღნიშნავს გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, განადგურებული ლაგუნა ვერეც და მიმდებარე აბრეშუმის ფაბრიკაც რომ გადასცეს ქალაქს საჩუქრად, მაინც ვერაფერი გადაარჩენს დამარცხებისთვის განწირულ რეჟიმს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.


close დახურვა