„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, თუ მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება არ დაიწყება, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ყველა სიტყვა სიმართლეა. როგორც გოცირიძე მეუფე იაკობის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, ხელისუფლება საეკლესიო გადატრიალებას გეგმავდა, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, აპირებდა პატრიარქის გადაყენებას, რაც უდიდესი დანაშაულია. ამის არგამოძიება ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტყვა, რაც მეუფე იაკობმა განაცხადა, არის სიმართლე“, - აღნიშნა გოცირიძემ.
გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძეც და აცხადებს, რომ საერო ხელისუფლების თანამდებობის პირებს, არაფერი ესაქმებათ საეკლესიო იერარქიებთან, არც პატრიარქის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნასთან, ამიტომ ცალსახად, გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ დროის გასვლის შემდეგ, ეს საკითხი დაიფარება. თუ ისინი მართლაც არიან ჩართული ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში, მაშინ ჩვენ მათი მხრიდან პასიურობას ვნახავთ. შეიძლება დაიწყონ გამოძიება, მაგრამ არ განახორციელონ გაგამოძიებო მოქმედებები, როგორც ეს არაერთ გახმაურებულ საქმეზე გვინახავს“, - აცხადებს აბესაძე.
„ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ადამიანები, რომელსაც მეუფე იაკობი ასახელებს, არცერთი, მათ შორის სასულიერო პირები, არ ადასტურებენ ინფორმაციას და თვითონაც მეუფე იაკობმაც უკვე ორჭოფული განცხადებები დაიწყო.
„მორალურად არ განვიკითხავ, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში მე პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ. თუმცა ვიმეორებ, რომ მედია, პოლიტიკური სივრცე საკმაოდ დაბინძურებულია მსგავსი განცხადებებით“, - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. იქამდე კი მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მაშინდელი პრიემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.