logo
ENG



გოცირიძე ქართულ ოცნებას: დაკარგა ფასი ლარმა და გაუფასურდით ​თქვენც ბოლომდე

18 სექ 202016:07
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით ეპიდემიის პირველ ეტაპზე მთავრობის წარმოდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ქვეყანა უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო. 

პარლამენტში გამოსვლისას გოცირიძე ასევე დაინტერესდა, დახარჯა თუ არა ქართულმა ოცნებამ ეპიდემიის დროს აღებული 5 მილიარდანი სესხი.

"ამ მთავრობამ ქვეყნის მართვა რომ არ იცის, ეს გაიგო ყველამ. თუ რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქვეყანა, აჩვენებს ამ მთავრობის მართვის უნარს, მაგრამ ტელევიზორის პულტის მართვა ალბათ ეცოდინებათ და გადახვევის რეჟიმში დაყენებაც. ქალბატონო ნათია, გადაახვიეთ ერთი სამი თვის წინ ამ დარბაზში ჩვენ მიერ თქვენდამი გაკეთებული გაფრთხილება და თქვენც გეხებათ ეს, დეპუტატებს. გადაახვიეთ და ნახავთ, რომ გეუბნებოდით ეს პროგრამა ანტიკრიზისული კი არ არის, ეს პროგრამა ქვეყანას ჩააგდებს უკიდურეს კრიზისში. აი ამ მდგომარეობაში იმყოფება მთავრობის ხელშეწყობით ხალხი.

5 მილიარდი, რომელიც გქონდათ ხელში და დრო, რომელიც ასევე არის ფული, რაში გამოიყენეთ ის პაუზა? ჯანდაცვის სექტორი იგივე მდგომარეობაშია, ეკონომიკური სექტორი დაქცეულია. სად წავიდა ეს ფული? წავიდა იმ ძველი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც ერთი თეთრითაც კი არ შეგიკვეციათ თქვენი ნებით, დარჩა თქვენი კორუფციული და თქვენს ბიზნესზე მორგებული ხარჯები, შეიკვეცა ის, რომლის დახარჯვაც არ შეგეძლოთ: მივლინებები - ვერ მიდიხართ, ჩაკეტილია, წარმომადგენლობით ხარჯები - ვერ ქეიფობთ, სტუმარი არ ჩამოდის. ეს ბიუჯეტი არის თავი და თავი იმ უბედურებისა, რომელმაც გამოიწვია ლარის ჩამოშლა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაშია, ამიტომ არჩევნებამდე დარჩენილი 45 დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ქვეყანა ინტერვენციებით უნდა მართოს, რათა ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

"ქვეყანას არ აქვს ეროვნული ვალუტა. დღეს ლარი არის მართვით სუნთქვაზე. მართვითი სუნთქვის აპარატი არის ეროვნული ბანკი, ჟანგბადი არის ის ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით იყენებს. სხვა მექანიზმები არ არსებობს. არც ინვესტიციები, არც რაიმე უნარი, რომ ბიუჯეტში ხარჯები შეკვეცოთ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილის გარემოცვისა და მისი ბიზნესის ინტერესებთან. მიექანება დაღმართში მანქანა, რომლის მძღოლი ვერ მართვას საჭეს და არ უმუშავებს მუხრუჭები. ერთადერთი მუხრუჭი, ეს არის ხელის მუხრუჭი - მოწევ მაგრად და მოწყდება, გადავარდება ხრამში. 45 დღე უნდა მართოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით, სხვა გამოსავალი არ არის, რომ მივიდეთ არჩევნების შედეგამდე და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გადავარჩინოთ ლარი. ახლა არ არის წუწუნის დრო, რომ ჩვენი ოქროს რეზერვები იფლანგება. იფლანგება კი არა, სხვა გამოსავალი რომ არ გაქვთ, სწორედ ეს არის კატასტროფა და უბედურება. დაკარგა ფასი ლარმა და გაუფასურდით ბოლომდე თქვენ. დევალვირებული ადამიანები სხედან პარლამენტსა და მთავრობაში, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი.

პარლამენტში დღეს, 18 სექტემბერს ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენდნენ, რომელიც ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა.


close დახურვა