"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის პირველ იანვრამდე გახანგრძლივების ინიცირებას ეხმაურება.
როგორც გოცირიძე აცხადებს, ამ კანონის მიღების უფლება მთავრობას მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მისი თქმით, კანონის გახანგრძლივება ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ბერკეტის ხელში ჩაგდებაა, ვინაიდან ეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს კანონი ნებისმიერ დროს გამოიყენოს.
„ეს არის ანტიკონსტიტუციური და ეს უფლებები მთავრობას შეიძლება მხოლოდ მაშინ ჰქონდეს, როდესაც არის საგანგებო მდგომარეობა და ეს უნდა გადასცეს მას პარლამენტმა. ერთი თვით იყო ეს შემოღებული, მერე ვეღარ გაბედა, მერე ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა ამას, როგორც გარეთ ასევე შიგნით, ასევე არასამთავრობოების მხრიდან, მაგრამ ახლა უკვე აპირებენ 5 თვით გაგრძელებას და ეს არის უზარმაზარი ბერკეტების ხელში ჩაგდება ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ და როდის და რანაირად გამოიყენებს არ ვიცით და შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ გამოიყენებს, ვინაიდან მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს - ჩაკეტოს ქალაქები, შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია სხვადასხვა მოტივით და გარდა ამისა ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ 5 თვის განმავლობაში ისინი არ აპირებენ ქვეყნის გახსნას“,-აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იგეგმება - მმართველი პარტია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების 2021 წლის პირველ იანვრამდე შენარჩუნებას ითხოვს.