„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. უმუშევრობა, დაცლილი ქალაქი, გაძვირებული საკვები და მედიკამენტები - ეს ის საკითხებია, რაზეც მოსახლეობა წუხს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქუთაისს აქვს იმის პოტენციალი, რომ ქალაქი სამხრეთ კავკასიის ტურისტული ჰაბი გახდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ქუთაისს სჭირდება კანონი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს მის სტატუსს, რომ მერე არცერთი გათავხედებული პროვინციალი, რომელიც თბილისში ჩაჯდება რომელიმე კაბინეტში, აღარ შეეხოს ამ ქალაქის მომავალს. მეორე - სასწრაფოდ დავაბრუნებთ აქ პარლამენტს და დავამატებთ კიდევ მთავრობას, იმიტომ რომ ეს ქალაქი ბუნებრივად არის ამისთვის გაჩენილი. ქუთაისს წყნარად შეუძლია იყოს სამხრეთ კავკასიის ტურისტული ჰაბი. იმედი არ გქონდეთ, რომ „ქართული ოცნება“ რამეს გააკეთებს, სანამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია არ მოიგებს არჩევნებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.