"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებას სახელმწიფო წაართვა. მისივე თქმით, მთელი ოპოზიცია გაერთიანებულია და ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე არის გადადებული.
"რაც დღეს მოხდა, ამას ჰქვია, რომ წაგვართვეს სახელმწიფო. საქართველოს პარლამენტარიზმი მოკლეს და საქართველოს მოქალაქის ღირსება გათელეს ფეხქვეშ. ოპოზიციის ლიდერებს გვქონდა თათბირი, დავილაპარაკეთ და ერთი რამ მინდა გითხრათ, არ შეიძლება ამის მოთმენა. ვინც სახლში ხართ გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოს გარდა არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ. გამოდით ქუჩაში რა გინდათ ამ დროს სახლში. მთელი ოპოზიცია გაერთიანებულია, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზეა გადადებული. ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცეესკოში. მინდა ქართულ ოცნებას ვუთხრა: რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები თბილისურად გეტვით "გაგხევთ ნაკერავზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.