TV პირველის ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თვითონაც მოძალადეა.
"დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, ვინც გვაკრიტიკებს, დაესხით თავს, მოკალით ცემაში, პატარა შვილის თვალწინ შეგიძლიათ გაუსწორდეთ ან შეგიძლიათ ცემით სიკვდილამდე მიიყვანოთ, მაგრამ თქვენი თავისუფლება არის გარანტირებული. დღევანდელმა დამონებულმა სასამართლომ ეს ყველაფერი ცხადყო. სპეციალურად მიუსაჯეს ექვსი თვე, რომ უკვე გაათავისუფლონ, წინ არის არჩევნები და ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს, როცა ასეთი სასტიკი ძალადობის ავტორები გამოუშვა გარეთ. გამოუშვა გარეთ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე, ღარიბაშვილი თავად დგას მოძალადეებზე და ამ არჩევნებზე მოძალადეების იმედი აქვს", - თქვა გრიგოლიამ.
ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება.
სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ.