რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე თქმით, შოვში ჩამოწოლილი მეწყერი საკმაოდ დიდია. ეს მან ინტერპრესნიუსთან საუბრისას თქვა.
"გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - თქვა ქრისტინე კობახიძემ.
შოვში მეწყერი ჩამოწვა. ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.