logo
ENG



გუბერნატორის მტკიცებით, კურსკში საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა

27 აგვ 202310:56
3 წუთის საკითხავი
 

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ კურსკში საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა - ამის შესახებ გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ტელეგრამ არხზე წერს.

"წინასწარი ინფორმაციით, ღამით კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა - რამდენიმე სართულზე მინებია ჩამსხვრეული, ასევე, ამავე ქუჩაზე მდებარე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შენობაში აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მინა", - წერს ის.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა - აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ინციდენტზე წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და აცხადებს, რომ ღამით, კურსკის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა - 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით იერიშის მიტანა სცადეს. მათი განცხადებით, "თავდასხმა" 26 აგვისტოს 3:00 საათზე შეაჩერეს.


close დახურვა