გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ახალ გარემოებებზე ისაუბრა. ტარიელ კაკაბაძემ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალა, სადაც, მისივე მტკიცებით, ჩანს რომ სასიკვდილო გასროლა მერაბ კობიაშვილის ცემის პროცესში განხორციელდა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მხოლოდ თავს იცავდა. ტარიელ კაკაბაძემ ის ვიდეოც წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ პირველი გამაფრთხილებელი გასროლა მერაბ კობიაშვილმა, ფეხების მიმართულებით გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბოლო დროს განგებ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს ბრალდებულმა მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა.
„გამაფრთხილებელი გასროლა არის ორმეტრ-ნახევარში. ეს არის ვიდეო სწორი კვალიფიკაციისთვის. ვიდეოში სხვებიც მიდიან და ახორციელებენ თავდასხმას მერაბ კობიაშვილის მიმართ. შემდეგ, როცა ისინი ესხმიან მერაბს თავს და ის აღმოჩნდება ქვემოთ, მერაბი ისვრის - ეს არის ტიპური შემთხვევა აუცილებელი მოგერიების", - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებს ედავებიან, რაც განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, მან გუდაურში ერთი მამაკაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა.